როგორ დავიცვათ ბარათის პინ-კოდი

დღესდღეისობით გამოცემულ ბარათებზე ჩიპის არსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს თაღლითობების რიცხვს, რადგან ჩიპიანი ბარათის კოპირება ან შეცვლა გაცილებით უფრო რთულია. მსგავსი ბარათის პინთან (პერსონალური იდენტიფიკაციის ნომერი) ერთად მოხმარება კი იძლევა საშუალებას უფრო ზუსტად დადგინდეს ბარათისა და მისი მფლობელის უტყუარობა. ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენი პინ-კოდის დაცვა, არავის გაანდოთ იგი. სწორად ამიტომ, არც ერთი ბანკი თუ ბარათის გამცემი არავითარ შემთხვევაში არ ითხოვს მას.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის მარტივი რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ დაიცვათ ბარათის პინ-კოდი:

  • ეცადეთ თქვენი პინის მნიშვნელობა მიღებისთანავე დაიმახსოვროთ ზეპირად და გაანადგუროთ ის ქაღალდი, სადაც პინი წერია.
  • თუკი მოცემული პინის დამახსოვრება თქვენთვის რთულია, შეგიძლიათ ის შეცვალოთ თქვენთვის უფრო მარტივად დასამახსოვრებელ ციფრზე ბანკომატის საშუალებით. პინის შესაცვლელად შეძლებთ გამოიყენოთ მხოლოდ იმავე ბანკის ბანკომტი, რომელ ბანკშიც თქვენ მიიღეთ ბარათი (მაგალითისათვის, თუ თქვენ გსურთ შეცვალოთ თიბისი ბანკის ბარათის პინი, მაშინ მიმართეთ ნებისმიერ თიბისი ბანკის ბანკომატს და არა რომელიმე სხვა ბანკის ბანკომატს).
  • თუ გადაწყვეტთ, მაინც შეინახოთ ის ფურცელი, სადაც პინია დატანილი, არასოდეს შეინახოთ იგი ბარათთან ერთად საფულეში, რადგან საფულის მოპარვის შემთხვევაში, თავისუფლად შეძლებს უცხო ადამიანი თქვენი ბარათის გამოყენებას სავაჭრო ადგილებში.
  • პინის და ჩიპის გამოყენებისას ბანკომატთან და სავაჭრო ტერმინალში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. სასურველია არავინ დაინახოს თქვენს მიერ აკრეფილი პინის მნიშვნელობა. ეცადეთ დაფაროთ მოწყობილობის კლავიატურა, რომ სხვა პიროვნებამ არ დაინახოს თქვენს მიერ აკრეფილი ციფრები.
  • საგულდაგულოდ შეინახეთ გადახდის ჩეკები, ამონაწერი და თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული საქმიანი და პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაცია. მათი გადაგდებისას კი დარწმუნდით, რომ სათანადოდ გაანადგურეთ.